|
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალ. ნათიშვილის სახ.
ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტი დაარსდა 1946 წლის პირველ აპრილს.
2006 წლამდე ინსტიტუტში იყო 5 განყოფილება: ექსპერიმენტული ანატომიის
განყოფილება (დაარსდა 1946 წელს), პათომორფოლოგიის განყოფილება (დაარსდა
1957წ.), ციტოლოგიის განყოფილება (დაარსდა 1969წ.), გერონტოლოგიის
განყოფილება (დაარსდა 1970 წ.)
დღიდან დაარსებისა ინსტიტუტში შესრულებული და დაცულია 320 სადოქტორო და
საკანდიდატო დისერტაცია, ამათგან არა მარტო ინსტიტუტის თანამშრომლების
მიერ. თითქმის ერთი მესამედი შესრულებულია ძირითადად თბილისის და
საქართველოს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების, ასევე ყოფილი საბჭოთა
კავშირის და უცხო ქვეყნების (იუგოსლავია, ბულგარეთი) მეცნიერ-მუშაკების
მიერ.
ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტს წლების მანძილზე აქვს მეცნიერული
კავშირი მრავალი ქვეყნის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან, რომლებიც
მუშაობენ იმავე პრობლემებზე მათთან ინფორმაციის გაცვლის გარდა სრულდება
ერთობლივი მეცნიერული შრომები, ტარდება სამეცნიერო ფორუმები, (ყველა
კონფერენციის შრომები გამოქვეყნებულია).
აშშ _ ჰიუსტონის სამედიცინო ცენტრი, კენტუკის, სიეტლის, კანზასის
უნივერსიტეტები, ბალტიმორის გერონტოლოგიის ინსტიტუტი, ნიუ-იორკის
პიროვნების ინსტიტუტი (სისტემატურად მორიგეობით ტარდებოდა კონფერენციები
თბილისში ან ნიუ-ორკში გერონტოლოგიის აქტუალურ საკითხებზე, ნიუ-იორკის
პიროვნების ინსტიტუტი გვამარაგებს სპეციალური შრატებით ერთობლივი კვლევების
ჩასატარებლად საქართველოს ტერიტორიაზე).
გერმანია _ ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტი (მიუნსტერი) თორაკალური
და გულსისხლძარღვთა ექსპერიმენტული ქირურგიის განყოფილება, დიუსელდორფის
ჰენრიხ ჰაინეს უნივერსიტეტი, (მონაწილეობა ურთიერთ კონფერენციებში).
ესპანეთი _ კარდიოლოგთა საზოგადოება, მონაწილეობა სამეცნიერო კონფერენციებში.
იაპონია _ ნატურალური მედიცინის ასოციაცია, იზუმის უნივერსიტეტი,
ერთობლივი ექსპედიციები მოხუცთა შესასწავლად საქართველოში, გერონტოლოგიის
საკითხებისადმი მიძღვნილი კოფერენციები იაპონიაში.
ინგლისი _ უელსის უნივერსიტეტი (კარდიფი) გერონტოლოგიური კვლევების ურთიერთშეპირისპირება.
სლოვაკია _ სლოვაკიის მეცნიერებათა აკადემიის ქირურგიის ინსტიტუტი,
ბრატისლავის გერონტოლოგიის ინსტიტუტი, ერთობლივი კონფერენციები, ერთობლივი
გამოკვლევები.
რუსეთი _ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის მორფოლოგიის ინსტიტუტი, ა.
ვიშნევსკის სახ. ქირურგიის ინსტიტუტი, ბაკულევის ინსტიტუტი, მოსკოვის
პირველი სამედიცინო აკადემია, ერთობლივი კონფერენციები, ერთობლივი
სამუშაოები, ქ. ობნინსკი სამედიცინო რადიოლოგიის ინსტიტუტი.
უკრაინა _ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის გერონტოლოგიის ინსტიტუტი,
უკრაინის სამედიცინო ინსტიტუტი, ერთობლივი სამუშაოები, ერთობლივი
კონფერენციები მორიგეობით თბილისში და კიევში.
ინსტიტუტის თამშრომელები აქტიურად მონაწილეობენ სხვა ქვეყნებში
ჩატარებულ სამეცნიერო ფორუმებში, არა მარტო მოხსენებით, არამედ როგორც
საერთაშორისო ყრილობების თუ კონფერენციების ორგანიზატორები. ინსტიტუტის
ზოგიერთი თანამშრომელი არჩეულია უცხოეთის არაერთი სამეცნიერო საზოგადოების
ან უნივერსიტეტის საპატიო წევრად.
ინსტიტუტში მომზადებული მრავალი სპეციალისტი მუშაობას განაგრძობს
რესპუბლიკის სხვადასხვა დაწესებულებაში და ხელმძღვანელობს მორფოლოგიურ
კვლევას ან განაგებს კათედრას.
ინსტიტუტში განვითარდა რიგი ორიგინალური სამეცნიერო მიმართულება და
დასაბამი მიეცა რიგი მეცნიერული დაწესებულებების ჩამოყალიბებას.
ინსტიტუტში საფუძველი ჩაეყარა (1957-1965) საქართველოს ეთნოგენეზის
ანთროპოლოგიურ კვლევას, რომელიც წარმატებით გრძელდებოდა ივ. ჯავახიშვილის
სახ. ისტორიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში საქართველოს მეცნიერებათა
აკადემიის აკადემიკოს მ. აბდუშელიშვილის ხელმძღვანელობით, ასევე
ინსტიტუტიდან ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადასულ
განვითარების ბიოლოგიის განყოფილებაში (1965-1983) წარმატებით გრძელდება
კვლევა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წ/კ გ. თუმანიშვილის
ხელმძღვანელობით.
ინსტიტუტში ჩაეყარა საფუძველი რეანიმაციის პრობლემურ ლაბორატორიას (1996-1969 წწ)
ინსტიტუტის შვიდი განყოფილების და უწყებათაშორის ბიოტექნოლოგიური
ცენტრის საფუძველზე შეიქმნა და დამოუკიდებელ ინსტიტუტად გამოიყო (1991 წ.)
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი,
რომელსაც ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
ვლადიმერ ბახუტაშვილი.
ინსტიტუტის ბაზაზე მუშაობდა საბჭოთა კავშირის მედიცინის მეცნიერებათა
აკადემიის მ. კომახიძის ჯგუფი (1970-1980 წ.წ.) რომლის კვლევის საგანს
შეადგენდა სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში სისხლის მიკროცირკულაციური
კალაპოტის, ჰისტოსტრუქტურული, ჰისტოქიმიური და ულტასტრუქტურული ცვლილებების
შესწავლა ტერმინალური მდგომარეობის დროს, კერძოდ, რბილი ქსოვილების
ხანგრძლივი გაჭყლეტის მოდელირების _ კრაშ სინდრომი, და ექსტრაკორპორალური
სისხლის მიმოქცევის პირობებში, ექსპერიმენტში გულის ორთოტოპული გადანერგვის
პროცესში.
ინსტიტუტის თანამშრომლებმა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ლ. შელიამ,
მეცნიერების კანდიდატებმა კ. გუნიამ, მ. კორძაიამ, მ. ჭიჭინაძემ დიდი ამაგი
დასდეს თანამედროვე ქართულ მორფოლოგიურ ტერმინოლოგიის დახვეწას და
განვითარებას, და ეს მუშაობა დღესაც გრძელდება.
1982 წელს, ყოფილ საბჭოთა კავშირში, ინსტიტუტი გახდა მოთავე დაწესებულება დღეგრძელობის ფენომენის კომპლექსური შეწავლის საკითხში.
ინსტიტუტის ყველა განყოფილებას ხელმძღვანელობენ ინსტიტუტის ყოფილი
ასპირანტები, ინსტიტუტში აღზრდილი და დავაჟკაცებული მეცნიერები, რომლებიც
დამსახურებულად არიან აღიარებული ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრანტით (2.652 ლარი 1 თვეში)
მუშაობა წარმოებდა 5 თემაზე, რომელშიც მონაწილეობდა 33 თანამშრომელი, ე.ი.
მეცნიერ-მუშაკთა და უფროს ლაბორანტთა 31%.
ამ წესით მეცნიერული მუშაობა ნაკლებად ეფექტიანია, რადგან
მეცნიერ-თანამშრომელთა მხოლოდ ერთ მესამედს აქვს საშუალება მეტნაკლებად
მეცნიერული მუშაობისა.
ინსტიტუტის თანამშრომლები: თ. ბურჯანაძე, ლ. გოგიაშვილი, ს.
დალაქიშვილი, ზ. ცაგარელი, ნ. ჯავახიშვილი (1977 წლის შემდეგ იმყოფებოდნენ
აშშ, გერმანიაში, ესპანეთში, იაპონიაში, ინგლისში, კანადაში,
ჩერხოსლოვაკიაში) ამ ქვეყნების სამეცნიერო დაწესებულებების მიწვევით და მათ
ხარჯზე.
2000 წელს სოროსის ფონდის დაფინანსებით ინსიტუტმა ჩაატარა კონფერენცია
მიძღვნილი მოხუცთა საერთაშორისო წლისადმი "მოსახლეობის დაბერების
სოციალურ_ეკონომიკური პრობლემები".
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფუნდამენტული კვლევის პრიორიტეტულ
მიმართულებებში (თბილისი, 2000წ.) სრულად არის ასახული ექსპერიმენტული
მორფოლოგიის ინსტიტუტის მუშაობის პროგრამა რომელიც მიმართულია თანამედროვე
მოსახლეობის ყველაზე მძიმე და ყველაზე გავრცელებული პათოლოგიის:
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ჰორმონალური დარღვევების მორფოლოგიური
საფუძვლების და ავთვისებიანი ზრდის მორფოგენეზის შესწავლაზე და ამ უხშირეს
დაავადებათა გავლენის როლზე ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.
|